
სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ, ციხეებში მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ცნობა რეალობას არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მათ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ლიმიტი 12 332 პირს შეადგენს, ხოლო, ამ დროისთვის, ციხეებში ჯამში 10 528 ადამიანია განთავსებული.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა დასაშვებ ზღვარს მხოლოდ ორ პენიტენციურ დაწესებულებაში, უმნიშვნელოდ სცდება.
"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს არსებული რეალობის არასწორი ინტერპრეტაციით მიწოდების მცდელობას.
"პენიტენციური დაწესებულებების შესახებ" ბრძანების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 12 332 ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა, მაგალითად 2024 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 10457-ს, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით კი 10445-ს.
ასევე, აღსანიშნავია რომ, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას უმნიშვნელოდ აღემატება ორ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობა. 2025 წლის სექტემბრის თვეში მიმღები პენიტენციური დაწესებულებებიდან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებულ იქნა საერთო ჯამში 617 ბრალდებული/მსჯავრდებული, აქედან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 137, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში 480.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას", - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივმა მრჩევლმა, გიორგი ბურჯანაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს, იანვრიდან თებერვლამდე პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში 1532-ით არის გაზრდილი.
"8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში. 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა ამდენი პატიმარი ერთად ციხეში"- წერს ბურჯანაძე.