
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდება, "შეიძლება, ყველასთვის ცუდად დასრულდეს, პირველ რიგში - თავად ტრამპისთვის."
მედვედევი ამტკიცებს, რომ ამ ტიპის რაკეტების განსხვავება ბირთვულებისაგან შეუძლებელია.
"ტრამპმა თქვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი არ დაარეგულირებს უკრაინულ კონფლიქტს, მაშინ „ეს მისთვის ცუდად დასრულდება“. მოკლედ რომ ვთქვათ, ასმეერთედ იმუქრება.
თუკი „ბიზნეს-მშვიდობისმყოფელი“ „ტომაჰავკებზე“ საუბრობს, მაშინ ფრაზა არასწორია. ამ რაკეტების მიწოდება შეიძლება ცუდად დასრულდეს ყველასთვის. და უპირველეს ყოვლისა – თავად ტრამპისთვის.
ასჯერ იყო ნათქვამი, ვარსკვლავებ-ზოლიანი ბიძისთვისაც კი გასაგები ფორმით, რომ ფრენისას Tomahawk-ების გარჩევა ბირთვული რაკეტებისგან შეუძლებელია. მათ გაუშვებს არა ბანდერელების ["უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია" XX საუკუნეში] კიევი, არამედ სწორედ აშშ.
რჩება იმედი, რომ ეს მორიგი უაზრო მუქარაა, რომელიც გამოწვეულია ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ კლოუნთან გაჭიანურებული მოლაპარაკებებით. მაგალითად, როგორიც იყო რუსეთთან ახლოს ატომური წყალქვეშა ნავების გაგზავნა. ჰოდა, თქვენ იცით, როგორ დასრულდა ეს: წყალქვეშა ნავი უკრაინის სტეპებში ამოვიდა", - წერს მედვედევი.
ცნობისთვის, გამოცემა Axios-მა 11 ოქტომბერს დაწერა, რომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების შესაძლო გადაცემის საკითხი განიხილეს. Axios-ის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
გუშინ კი აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შესაძლოა უკრაინას შორი რადიუსის Tomahawk-ის რაკეტები მისცეს, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაამთავრებს.
ტრამპის თქმით, შესაძლოა ამ თემაზე პუტინს დაელაპრაკოს.
"მე შეიძლება ვუთხრა მას [პუტინს], რომ თუ ომი არ შეჩერდება, შეიძლება ეს გავაკეთოთ. შეიძლება არ გავაკეთოთ, მაგრამ შეიძლება გავაკეთო. უნდათ, რომ Tomahawk-ები მათი მიმართულებით წამოვიდნენ. არ მგონია", - განაცხადა ტრამპმა.