
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებითა და ევროკავშირის დახმარებით, უკრაინას შეუძლია თავისი ტერიტორიები "თავდაპირველი ფორმით" დაიბრუნოს.
მისი თქმით, ამის საშუალებას რუსეთის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ნატო უკრაინის იარაღით მომარაგებას გააგრძელებს.
"უკრაინა-რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის სრულად გაგებისა და შესწავლის შემდეგ, და იმის დანახვის შემდეგ, თუ რა ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის ის რუსეთს, ვფიქრობ, უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ მდგომარეობაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი ფორმით. დროთა, მოთმინებითა და ევროპის, კერძოდ კი ნატოს, ფინანსური მხარდაჭერით, ომის დაწყებამდე არსებული საზღვრების დაბრუნება სავსებით შესაძლებელია. რატომაც არა? რუსეთი უაზროდ იბრძვის სამწელიწადნახევარია ომში, რომელიც რეალურ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლებ დროში უნდა მოეგო. ეს რუსეთს არ გამოარჩევს. პირიქით, ეს მათ „ქაღალდის ვეფხვებად“ წარმოაჩენს.
როდესაც მოსკოვისა და რუსეთის დიდ ქალაქებში, დაბებსა და რაიონებში მცხოვრები ხალხი გაიგებს, რა ხდება სინამდვილეში ამ ომში, იმ ფაქტს, რომ მათთვის თითქმის შეუძლებელია ბენზინის მიღება გრძელი რიგების გამო, და სხვა ყველაფერს, რაც მათ საომარ ეკონომიკაში ხდება, სადაც მათი ფულის უმეტესი ნაწილი უკრაინასთან ბრძოლაზე იხარჯება, რომელსაც დიდი სულისკვეთება აქვს და მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველი ფორმით დაბრუნებას და, ვინ იცის, შესაძლოა, უფრო შორსაც წავიდეს! პუტინს და რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვთ და ეს უკრაინისთვის მოქმედების დროა. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ გავაგრძელებთ ნატოს იარაღის მიწოდებას, რათა ნატომ ისე გამოიყენოს, როგორც სურს. წარმატებები ყველას", - წერს ტრამპი.