ბიზნესმენი დემურ ხაბულიანი პოლიციაში გამოჰკითხეს - გავრცელებული ინფორმაციით, მას გუშინ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, თუმცა ბიზნესმენი ფორმულასთან ინციდენტს უარყოფს.
"ტყუილია ყველაფერი, რა თავდასხმა, აბუქებთ რაღაც სისულელეებს, არაფერი არ მომხდარა, კბილი ამტკივდა და წავედი იქ [ხეჩინაშვილის კლინიკაში]", - განაცხადა მან ფორმულასთან.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე ბიზნესმენი დემურ ხაბულიანი დაჭრეს. ის დეპუტატ დილარ ხაბულიანის ძმაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.