ტელეკომპანია იმედი ოპოზიციური პარტიების ვიდეორგოლების განთავსებაზე უარს ამბობს

ტელეკომპანია იმედი ოპოზიციური პარტიების ვიდეორგოლების განთავსებაზე უარს ამბობს

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია იმედი ეთერში ოპოზიციური პარტიების სარეკლამო რგოლების განთავსებაზე უარს ამბობს. ამის მიზეზად კი იმედი ტელეკომპანია მთავარის, ფორმულასა და TV პირველის გადაწყვეტილებას ასახელებს, რომლითაც ისინი უარს ამბობენ ეთერში ქართული ოცნების არაეთიკური რგოლი გაუშვან.

"ისინი, მოგონილი არგუმენტებით, უარს ამბობენ თავიანთ ეთერებში განათავსონ კანონის მოთხოვნების დაცვით მომზადებული ვიდეორგოლები. ამ ვიდეორგოლების განთავსებას მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს, რაც ასევე დადასტურებულია კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მათ საჯარო განცხადებებიც გააკეთეს და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ამტკიცებენ, თითქოს ომის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი ომის პროპაგანდაა. [...]

სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

5 ოქტომბერს, ფორმულამ, მთავარმა არხმა და ტვ პირველმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი".

კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნების სარჩელი დააკმაყოფილა და მთავარი არხი, ტელეკომპანია პირველი და ფორმულა სამართალდამრღვევებად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. სამივე ტელეკომპანია ქართული ოცნების არაეთიკური პოლიტიკური რგოლის განთავსებაზე უარს ამბობს.