სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს. უწყების განცხადებით, დაკავებული 2013 წელს სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა.
"2013-2015 წლებში იგი ე.წ. სამხედრო ემირების, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში. დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისლამური სახელმწიფოს მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. ნაიბის პოზიციას იკავებდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.