სუნაკი: ზაფხულში დიდი ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების წვრთნებს დაიწყებს

სუნაკი: ზაფხულში დიდი ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების წვრთნებს დაიწყებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ზაფხულში ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების წვრთნებს დაიწყებს.

ამის შესახებ სუნაკმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში განაცხადა.

"დიდი ბრიტანეთი ზაფხულში უკრაინელი მფრინავების F-16 ავიაგამანადგურებლების მართვაში წვრთნებს დაიწყებს, რითაც ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლიერებას.

უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა", - თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

ორი დღეა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობს - გუშინ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.