20 ივნისს დაზარალებული გიორგი სულაშვილი ამბობს, რომ 8 აგვისტოს მოსამართლე, ბაია ოტიაშვილმა საკომპენსაციო თანხად მხოლოდ 20 000 ლარი განსაზღვრა, თუმცა უარი თქვა ნებისმიერი სახის სარჩოს დაკისრებაზე. მისი თქმით, აღნიშნული თანხა ერთი წლის განმავლობაში მედიკამენტებისთვისაც არ იქნება საკმარისი.
"ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა შრომისუნარიანობის მკვეთრად შემცირების ფაქტი. ჩატარდა გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირებით ექსპერტიზაც, რომლითაც ასევე დადასტურდა უმძიმესი ფსიქოლოგიური ტანჯვა.
მოულოდნელად, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა 2021 წლის მიწურულს ჯერ გააუქმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდეგ კი თითქმის 2 წელი პროცესს არ ნიშნავდა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიჩივლე - საბოლოოდ, 2023 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც მან უარი თქვა დასახიჩრებული პირის, შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე, არაერთი ოპერაციისგან და მიმდინარე ტკივილებისგან განცდილი ტანჯვისთვის კი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ მხოლოდ 20 000 ლარი განსაზღვრა საკომპენსაციო თანხად. ზემოხსენებული თანხა მხოლოდ მედიკამენტები რომ მქონდეს, იმაშიც კი არ მეყოფა ერთი წელი.
ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ჩემს საქმეზე სამართლიანობა აღდგეს,რადგან ზემოხსენებული ფაქტებიდან არცერთი არ იქნა მოსამართლის მიერ გათვალისწინებული. 31 წლის ასაკში 60წლის ადამიანს დავემსგავსე. მადლობა ქოცებო და საქართველოს სასამართლო ამისთვის! მადლობა ჩემი უფუნქციოდ დატოვებისთვის", - წერს ის სოციალურ ქსელში.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.