სულაკაური: მხარდაჭერამ გვაჩვენა, თანასწორობის, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთად ვართ

სულაკაური: მხარდაჭერამ გვაჩვენა, თანასწორობის, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთად ვართ

სულაკაურის გამომცემლობა მათ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმაურება და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

მათი თქმით, ამ მხარდაჭერამ აჩვენა, რომ თანასწორობისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამომცემლობა მარტო არ არის.

"ბოლო დროს ჩვენი გამომცემლობის მიმართ ღიად პრორუსული ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის კვალდაკვალ, საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა ვიგრძენით.

გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ამაღელვებელი და ემოციური შეტყობინებებისთვის, განცხადებებისა თუ კომენტარებისთვის, რომლებიც გვაძლიერებდა და სიმტკიცეს გვმატებდა ამ რთული დღეების განმავლობაში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენმა მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო თანასწორობის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რომ ამ გზას ჩვენს ერთგულ მკითხველებთან, ავტორებთან, მთარგმნელებთან, ილუსტრატორებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გავდივართ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.

გპირდებით, რომ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნებით, ამბებითა და ისტორიებით მუდამ ვიქნებით იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, რომლებისთვისაც არასდროს გვიღალატია", - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო პერიოდში ქართულმა ოცნებამ ჰომოფობიური რიტორიკა გააქტიურა და პროპაგანდისტული მიზნებისთვის, სხვადასხვა ადამიანებსა თუ დაწესებულებებს თავს ესხმის. ერთერთია სულაკაურის გამომცემლობა, რომელიც ე.წ. ლგბტ პროპაგანდაში მათ შორის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან დაადანაშაულა.

ქართულმა ოცნებამ პროპაგანდა ააგო შარლ პეროს მე-17 საუკუნის ერთერთ ზღაპარზე, რომელიც გამომცემლობამ, დაახლოებით, 10 წლის წინ თარგმნა და დღეს გაყიდვაშიც აღარ არის, რადგან სრულად ამოყიდულია.