სტარმერი: უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია

სტარმერი: უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას თქვა, რომ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით დღევანდელ შეხვედრაზე ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ.

"როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებაზეც. ვფიქრობ, დღეს, სწორი მიდგომის შედეგად, უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე რეალური პროგრესის მიღწევა შეგვიძლია", - თქვა კირ სტარმერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ "მსურველთა კოალიცია" მზადაა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ძალისხმევა გააძლიეროს.

"ვფიქრობ, შეგვიძლია დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია", - თქვა კირ სტარმერმა.

თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრა დაიწყო, რომელშიც ევროპელი ლიდერები და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მონაწილეობენ.

შეხვედრის დაწყებამდე, დონალდ ტრამპს საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც შეხვედრა "საუკეთესო საუბრად" შეაფასა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ "უფრო საუკეთესო შეხვედრა" შემდეგში ელით.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვლადიმერ პუტინს დაურეკავს.