
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას თქვა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ამისთვის, რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.
მისი თქმით, "გზა ხსნილია" რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით უფრო სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.
ფრიდრიხ მერცის თქმით, დონალდ ტრამპმა ეს გზა პარასკევს, ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გახსნა.
ფრიდრიხ მერცმა გაიმეორა, რომ ევროპელი ლიდერები მოუთმენლად ელიან ცეცხლის შეწყვეტას, სანამ შემდგომი მოლაპარაკებები გაიმართება.
"გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველას გვსურს, რომ შემდეგ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტა და განახლებული ინფორმაცია ვიხილოთ. ვერ წარმომიდგენია, რომ შემდეგი შეხვედრა მოხდება ცეცხლის შეწყვეტის გარეშე. ასე რომ, ვიმუშაოთ ამაზე და ვეცადოთ ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რადგან ამ ძალისხმევის სანდოობა, ის ძალისხმევა, რომელსაც დღეს ვახორციელებთ, დამოკიდებულია სერიოზული მოლაპარაკებების დაწყებიდანვე ცეცხლის შეწყვეტაზე... მინდა, ცეცხლის შეწყვეტა ვიხილო შემდეგი შეხვედრიდან, რომელიც უნდა იყოს სამმხრივი შეხვედრა", - თქვა გერმანიის კანცლერმა.
თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრა დაიწყო, რომელშიც ევროპელი ლიდერები და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მონაწილეობენ.
შეხვედრის დაწყებამდე, დონალდ ტრამპს საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც შეხვედრა "საუკეთესო საუბრად" შეაფასა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ "უფრო საუკეთესო შეხვედრა" შემდეგში ელით.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვლადიმერ პუტინს დაურეკავს.