ზელენსკი: ეს იყო საუკეთესო საუბარი ტრამპთან, იმედია, უფრო საუკეთესო შემდეგში გველის

ზელენსკი: ეს იყო საუკეთესო საუბარი ტრამპთან, იმედია, უფრო საუკეთესო შემდეგში გველის

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მასთან "საუკეთესო შეხვედრა" ჰქონდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ "უფრო საუკეთესო შეხვედრა" შემდეგში ელით.

"მე ვფიქრობ, რომ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ეს იყო საუკეთესო [საუბარი] და იმედი მაქვს, რომ უფრო საუკეთესო შემდგომში გველის. ჩვენ ძალიან სენსიტიურ საკითხებს შევეხეთ. კარგია, რომ ყველა ლიდერი აქ არის და უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრა დაიწყო, რომელშიც ევროპელი ლიდერები და NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მონაწილეობენ.

შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ განხილვის თემა იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. მან თქვა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღწეული.

"ვფიქრობ, დღეს თითქმის ყველაფერზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მათ შორის, ალბათ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - თქვა დონალდ ტრამპმა.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვლადიმერ პუტინს დაურეკავს.