
სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებულ საქმეზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, დავით სუჯაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მსგავსად, რომელიც ამავე საქმის შესახებ დაკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა, სუჯაშვილიც ამტკიცებს, რომ საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა და მან ეს მხოლოდ მედია საშუალებებით გაიგო.
მისი თქმით, ვერ ხედავს პრობლემას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო.
"საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნდა, მედიის საშუალებით გავიგე. დაზვერვის სამსახური, ისევე როგორც სხვა სპეციფიკური სამსახურები, მუშაობენ თავიანთ ჩარჩოებში - დაზვერვის სამსახური სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებს საზღვრებს მიღმა, აქტიურად არის ჩართული არაღიარების მიმართულებით, ამიტომ, ეს ინფორმაცია რომ არ მქონდა, პრობლემას ვერ ვხედავ. საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ღია წყაროებიდან გავიგე, კარგი იქნებოდა, რომ მანამდე მცოდნოდა. კანონია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, ეს კანონი არეგულირებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობას, დაზვერვის სამსახურის უფროსი მუდმივი წევრია ამ საბჭოსი, აქედან გამომდინარე დამიბარეს პროკურატურაში", - განაცხადა სუჯაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხნენ: თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია, ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვანო მაჭავარიანი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.
***
2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, რის შემდეგაც, მოძრაობა ძალა ერთობაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.
იმავე კვირების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს.
ქართული ოცნება ამას იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება და ბრალს სდებს, რომ მან თვითონებურად გახსნა ჩორჩანაში საგუშაგო, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
ქართული ოცნება ამ საკითხს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის თეა წულუკიანის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც სწავლობს.
პროკურატურის თანახმად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:
პროკურატურა აცხადებს, რომ შესწავლის საგანს წარმოადგენს "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება".