Tbilisi Pride-ის წევრი, ანი სუბელიანი ამბობს, რომ პრაიდის ფესტივალის ჩაშლასთან დაკავშირებით სამართლებრივად იდავებენ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ.
"ძალიან დიდი ზიანზეა ლაპარაკი, მე მგონი, მთლიანობაში ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ყველაფერი აღწერილი არ არის, ახლა ვაპირებთ ეს შევისწავლოთ მაქსიმალურად და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებებიც წამოვიწყოთ, ჩვენ აუცილებლად ვიდავებთ ამ საქმეზე, ვიდავებთ შსს-ს წინააღმდეგ", - განაცხადა მან.
მისი თქმით, გუშინდელი მოვლენები წინასწარ დაგეგმილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ, ჰომოფობიურ დაჯგუფება ალტ-ინფოს მიერ.
გუშინ Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.