31 იანვრის მთავარობის დადგენილების თანახმად, სტრატეგიული/განსაკუთრებული ობიექტების ნუსხაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზები დაემატა.
კანონმდებლობის მიხედვით, სტრატეგიული/განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება/ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას" , ბლოკირებას გულისხმობს და გარკვეულ შემთხვევებში, 4 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, გურო იმნაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება".
"ქართულმა ოცნებამ გუშინ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები.
შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება.
უფლებადამცველებმა ისედაც ვიცოდით, რომ მთავრობა ამ ცვლილებებს აუცილებლად შეიტანდა დადგენილებაში. მეტიც „ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ზრახვების ფონზე, გასაკვირიც კია, რომ აქამდე არ იყო ეს ქმედება კრიმინალიზებული.
ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს:
ა) მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს;
ბ) პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა. ავტორიტარი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ", - წერს იმნაძე.