სტარმერი ბრიტანული ბიზნესის დასაცავად საბაჟო შტორმის ფონზე სახელმწიფოს ჩარევას აანონსებს

სტარმერი ბრიტანული ბიზნესის დასაცავად საბაჟო შტორმის ფონზე სახელმწიფოს ჩარევას აანონსებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მზადაა გამოიყენოს ინდუსტრიული პოლიტიკა, რათა "ბრიტანული ბიზნესი დაიცვას შტორმისგან", რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებთანაა დაკავშირებული.

The Sunday Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სტარმერმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა განაგრძობს ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობას ამერიკასთან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხავს სახელმწიფო ჩარევას, რათა ეროვნული ინტერესები დაცული იყოს.

"ზოგს შესაძლოა არ მოეწონოს სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევა ბაზრის ფორმირებაში, მაგრამ სამყაროს ამ ტემპით ცვლილების ფონზე ძველ მიდგომებზე ჩაჭიდება აღარ შეგვიძლია", – წერს სტარმერი.

მიმდინარე კვირას დიდი ბრიტანეთი 10%-იან საბაჟო მოსაკრებელს დაექვემდებარა, ხოლო ბრიტანული ავტომობილების, ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე 25%-იანი ტარიფები დაწესდა. აპრილის 9-დან სხვა ქვეყნებს ზოგ შემთხვევაში 50%-მდე ტარიფები შეეხება.

ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი ამერიკელი მომხმარებლების ადგილობრივი პროდუქციისკენ მიბრუნებას და შიდა ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება. თუმცა, მის განცხადებებს და სხვა ქვეყნების საპასუხო ზომებს — მათ შორის ჩინეთის — საფონდო ბირჟების 5%-ზე მეტი ვარდნა მოჰყვა.