
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "არავის სურდა იმის ნახვა, რაც პარასკევს მოხდა". სტარმერი ასევე ხაზს უსვამს, რომ არ მიიღებს ისეთ შეფასებას, რომ აშშ "არასანდო მოკავშირეა".
სტარმერმა ეს განცხადება ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის კონტექსტში, აშშ-ის სანდოობის შესახებ დასმული შეკითხვის შემდეგ გააკეთა.
"პირველ რიგში, არავის სურდა ენახა, რაც გასულ პარასკევს მოხდა, მაგრამ არ მივიღებ იმას, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა.
აშშ მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო გაერთიანებული სამეფოს მოკავშირე და ასე გრძელდება. არ არსებობს სხვა ორი ქვეყანა, რომელიც ისე მჭიდროდაა დაკავშირებული, როგორიც ჩვენ. ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება და დაზვერვა ისეა გადაჯაჭვული, როგორსაც ვერ ნახავთ სხვა ორი ქვეყნის შემთხვევაში. ასე, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საიმედო მოკავშირეა"- განაცხადა სტარმერმა.