საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანო ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით."
"ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ მიიღო რუსეთიდან და რუსეთში ფრენების განახლების გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის გამო ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმაც დაუწესეს სანქციები რუსეთის ავიაციის სექტორს, რის შედეგადაც ჩვენ და პარტნიორები კრძალავენ ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში და რუსეთის თავზე. საქართველოს ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით და იმ შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში არის გათვალისწინებული.
სამწუხაროდ, საქართველოს მიერ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა დაეცა უკვე ისედაც დაბალი 44%-იდან, რომელიც იყო წინა წელს, 31%-მდე, რომელიც არის წელს. ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. გარდა ამისა, ნება მომეცით გავიმეორო, რომ გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიჩინოს ზოგადი სიფრთხილე რუსეთის ავიაციის სექტორის უსაფრთხოების დონესთან დაკავშირებით."- ამბობს სტანო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.
***
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.
ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.