სტამბოლის საკრებულომ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლად ნური ასლანი დანიშნა

სტამბოლის საკრებულომ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლად ნური ასლანი დანიშნა

სტამბოლის საკრებულომ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლად ნური ასლანი დანიშნა.

ასლანის კანდიდატურამ ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან (CPH) 177 ხმა მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა, ზეინელ აბიდინ ოკულმა მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან (AKP) 125 ხმა მიიღო.

"სტამბოლის ხმებით არჩეული ჩვენი მერი [ექრემ იმამოღლუ], მალე დაბრუნდება. ჩვენ, ვიზრუნებთ ამაზე", - თქვა ნური ასლანმა.

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ დააკავა და პატიმრობა შეუფარდა სასამართლო განხილვის დასრულებამდე. ამ ფაქტმა ქვეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

პროკურატურამ სასამართლოს იმამოღლუსა და მისი ოთხი თანაშემწის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა. საქმე კორუფციისა და დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებებს ეხება. თურქეთის ხელისუფლებამ იმამოღლუ გასულ კვირას დააკავა, რის შემდეგაც ქვეყანაში ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, რომელსაც სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს, იმამოღლუსა და მის გარემოცვას დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობას, გამოძალვას, ქრთამის აღებასა და თაღლითობას ედავებიან.

იმამოღლუს მხარდამჭერები მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და თურქეთის მთავრობის მიერ ოპოზიციაზე ზეწოლის ნაწილად აღიქვამენ. მათი აზრით, ეს ქმედება მიზნად ისახავს პრეზიდენტ ერდოღანის ყველა შესაძლო კონკურენტის ჩამოშორებას მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.