რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ალეკო ელისაშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო სასამართლოში დაიბარეს. დეპუტატმა უწყება გუშინ მიიღო, პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.
ელისაშვილმა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ის ამბობს, რომ "შსს-ს არგუმენტები აბსურდულია და მათ სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს".
დეპუტატის თქმით, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანს ძალადობაში მონაწილე ყველა ადამიანი, ამ დრომდე დაკავებული არცერთი არ არის, ამის ნაცვლად კი მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ედავებიან.
"წარმოიდგინეთ რა სამარცხვინო ამბავია, გამოძიებამ ვერ დაადგინა ვინაობა იმ პოლიციელების, რომლებიც კადრში ჩანან და ამის ნაცვლად აქეთ მედავებიან. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვიყოთ ახლა სასამართლო პროცესი უნდა იყოს დამთავრებული და ის მოძალადე პოლიციელები უნდა იყვნენ გამწესებული ციხეში. აქ კი პირიქით ხდება, სასამართლო ჩემს წინააღმდეგ არის, თითქოს მე ჩავიდინე საშინელებები და ისინი ფრთიანი ანგელოზები არიან.
მთლად ჩემი დაკავების უფლება არ აქვთ, თუმცა დაკავების ოქმი აქვთ ასევე არაკონსტიტუციური და საშინელი დარღვევით, დამაკავეს რამდენიმე საათის განმავლობაში, არათუ განრიდების, დაკავების ოქმია შედგენილი. ნებისმიერ დეპუტატს აქვს მაღალი იმუნიტეტი და მას კონსტიტუცია იცავს, დაფხრიწეს და გადაყარეს ის კონსტიტუცია, სადაც დეპუტატის იმუნიტეტზეა საუბარი"- თქვა ელისაშვილმა.
17 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალეკო ელისაშვილი პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და რუსთაველის ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ელისაშვილის თქმით, მას დაკავებისას რამდენიმე პოლიციელი ურტყამდა, რის შედეგადაც ნეკნის მოტეხილობა ჰქონდა. დეპუტატს დაზიანებები აღენიშნებოდა სახეზეც.