სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ლაშა ჟღენტის დაკავების კადრები გამოაქვეყნა.
უწყების თქმით, კადრებს "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე" ასაჯაროებენ, რათა "ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და საქმეში არსებულ მასალებს არ მიეცეს დამახინჯებული ინტერპრეტირება და არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა".
გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩხრეკენ ლაშა ჟღენტს და მიჰყავთ პოლიციის მანქანამდე, თუმცა არ ჩანს მისი მანქანაში ჩასმის ეპიზოდი და მანქანაში ყოფნისას გადაღებული კადრები. ჟღენტი ჰყვებოდა, რომ პოლიციელებმა ის მანქანაში ჩატენეს და მას მანქანაში ყოფნისას გუდავდნენ და თავში ურტყამდნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.
უწყების თქმით, თუ მოიპოვებენ რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, "უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს."
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს გააკეთებს ლაშა ჟღენტის უფლებების და ინტერესების დასაცავად, რა მიზნითაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო პროცესი, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება" - წერია განცხადებაში.
21 წლის ლაშა ჟღენტმა 20 ივლისს თქვა, რომ პოლიციამ ქუჩაში გააჩერა, ჩხრეკის დროს კი მასზე იძალადა. ოჯახი ამბობს, რომ პოლიციელებმა იძალადეს ლაშას ბებიაზეც.
შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე 20 ივლისს მოხდა. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ პოლიციამ ის გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, მოხდა ეთიკური ნორმების დარღვევა, რაზეც მან პოლიციას მიუთითა, რის შემდეგაც, ჟღენტის ცნობით, დაიწყო დაკავების ოპერაცია და მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.