სომხეთში მთავრობისა და ეკლესიის დაპირისპირება მძაფრდება

სომხეთში მთავრობისა და ეკლესიის დაპირისპირება მძაფრდება

სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობის დაპირისპირება ახალ ფაზაში შევიდა. პრემიერის მიერ ეკლესიის მიმართ გამოთქმული მწვავე განცხადებებისა და სკანდალური ბრალდებების ფონზე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო მატულობს, - ამის შესახებ BBC-ი წერს.

ფაშინიანმა ეკლესიის ერთ-ერთ მაღალი რანგის მღვდელმსახურის პირად შეურაცხყოფასთან ერთად, კათოლიკოს გარეგინ II-ს ცელიბატის დარღვევასა და შვილის ყოლაში დასდო ბრალი, რაც ეკლესიის შიდა წესების მიხედვით პატრიარქობის უფლებას გამორიცხავს. ფაშინიანი კათოლიკოსის გადადგომას ითხოვს, თუმცა მტკიცებულებები ჯერ არ წარუდგენია.

ეკლესია ბრალდებებს ამ დრომდე არ გამოეხმაურა, თუმცა პრემიერის ქმედებებს ინსტიტუციის „დადუმების მცდელობად“ აფასებს და აცხადებს, რომ მმართველობასთან მიმართებაში მთავრობას არანაირი იურისდიქცია არ გააჩნია.

ექსპერტების შეფასებით, ეკლესიაზე მიტანილი იერიში შესაძლოა იყოს როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება, ისე წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი — ფაშინიანის მთავრობა ცდილობს კონსერვატიული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ბასტიონის გავლენა შეასუსტოს.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის ივნისშია დაგეგმილი და ანალიტიკოსების აზრით, ხელისუფლების და ეკლესიის დაპირისპირება ამ პროცესზეც სერიოზულად იმოქმედებს.