სომეხი დეპუტატი: არ გვაინტერესებს რუსეთის რეაქცია ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე

სომეხი დეპუტატი: არ გვაინტერესებს რუსეთის რეაქცია ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე

სომხეთის მმართველი პარტიის სამოქალაქო თანხმობის დეპუტატი გაგიკ მელკონიანი აცხადებს, რომ "არ აინტერესებთ" როგორი რეაქცია ექნება რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სომხეთში ვიზიტზე.

დეპუტატმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სომხეთი "მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავს" და რუსეთის რეაქცია - რუსეთის საქმეა.

"თუ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გადაწყვეტს სომხეთში ჩამოსვლას, მაშინ უნდა მივიღოთ, რა პრობლემაა? [...] ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ან არ ექნება, ეს მისი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვზრუნავთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ", - განაცხადა დეპუტატმა.

23 თებერვალს სომხურმა ტელეკომპანია Factor TV-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა.

ტელეკომპანიის ცნობით, ვიზიტი მალე შედგება, თუმცა ვიზიტის თარიღი ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის. ზელენსკი, სავარაუდოდ, ერევანში მარტში ჩავა.

სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ვალერი ლობაჩი აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება.

"რამდენიმე დღეში თავად გაიგებთ ამბებს იმის შესახებ, თუ რა მოხდება. ჩემი მხრივ, ვიტყვი, რომ უკრაინა მზადაა, მხარი დაუჭიროს სომხეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს რეგიონში [სიტუაციის] მოსაგვარებლად", - აღნიშნა მან.