სირსკიმ ზელენსკის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლების აღების შესახებ აცნობა

სირსკიმ ზელენსკის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლების აღების შესახებ აცნობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კურსკის ოლქში კიდევ ერთი დასახლების აღების შესახებ აცნობა. ინფორმაციას ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, მან სუმის სასაზღვრო ზოლი მოინახულა და შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ასევე სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

"შეიარაღებული ძალების მეთაურმა აქტიური მოქმედებების ყველა რაიონში ოპერატიული ვითარების შესახებ მომაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ფრონტის ყველაზე მძიმე მიმართულებებზეც. მაცნობა იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც ტორეცკისა და პაკროვის მიმართულებებზე თავდაცვის მიმართულებით ვდგამთ. კურსკის რაიონის გარკვეულ რაიონებში უკრაინის კონტროლის ქვეშ მოექცა კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი, ასევე გაიზარდა ტყვეების გაცვლითი ფონდი. რაც შეეხება სუმის ოლქში სიტუაციას [რომელიც კურსკის საზღვართან არის] შეინიშნება რუსების მხრიდან თავდასხმების კლება", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.

19 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში უკვე 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.