
საქართველოში შვეიცარიის საელჩო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტის განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ქართული ოცნების მიერ მიღებულ ე.წ. FARA-ს კანონზე საუბრობს.
დეპარტამენტი აცხადებს, რომ FARA იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
"უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
შვეიცარიის მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ერთგული ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
31 მაისიდან ქართული ოცნების მიერ მიღებული ე.წ. FARA-ს კანონი ძალაში შევიდა. ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ერთპარტიულმა პარლამენტმა კანონპროექტი 1-ელ აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო და დაამტკიცა.
კანონის ამოქმედებას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ.