
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ერთობლივი განცხადებით ქართული ოცნების მიერ მიღებული ე.წ. FARA-ს კანონის ამოქმედებას ეხმაურებიან.
ისინი აცხადებენ, რომ კანონი საქართველოს დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და აღნიშნავენ, რომ მისი მიღება ქართული ოცნების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
განცხადებაში გამეორებულია EU-ის მოწოდება ქართული ოცნების მიმართ, გაითვალისწინოს მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნები და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ EU მზადაა საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების განხილვა დაიწყოს, თუ ხელისუფლება გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს.
"საქართველოს კანონი - უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს. მაუწყებლობის შესახებ და გრანტების შესახებ ბოლოდროინდელ კანონებთან ერთად, ამ კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა, განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ასევე, თავისუფლებების შესაზღუდად და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სამოქმედო სივრცის კიდევ უფრო მეტად შესავიწროებლად.
ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობის გაგრძელებას და მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში.
2024 წლის ივნისისა და ოქტომბრის გადაწყვეტილებებში ევროპულმა საბჭომ დაადგინა, რომ ასეთი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნები დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, საპროტესტო აქციების მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი. ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს. პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება", - ვკითხულობთ განცხადებაში.