შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, იმერეთსა და აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს. მათ შორის, 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შსს-ში ამბობენ, რომ 9 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დააკავეს.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს.-ს სხეულით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 300 გრ. „ჰეროინი“ შემოჰქონდა, ხოლო, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულების - ი.დ.-ს, ზ.ღ.-ს და მ.თ.-ს პირადი, საცხოვრებელი ბინების და ფერმის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „ექსტაზი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების პ.ი.-ს და ჰ.ბ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „პსილოცინი“ ამოიღეს.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ბ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ლოკაციებზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები „კოკაინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“ და „ლსდ“ ამოიღეს, ხოლო, ბრალდებული გ.ა.-ს ჩხრეკისას, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც მან ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ა.ი.- ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურში ახდენდა", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.