შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია მას შემდეგ განახორციელა, რაც ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა.
უწყების ცნობით, დღეს ღამით საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად კორპუსის ეზოში მყოფი 4 მოქალაქე გარდაიცვალა, 5 კი დაიჭრა. ასევე დაიღუპა შსს-ის ერთი თანამშრომელი.
შსს-ის ცნობით, ბრალდებული 1974 წელს დაბადებული პირია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.
ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.
ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს" - აცხადებს შსს.