
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგს შეხვდა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, რეალობაში განხორციელდეს ყოველი ის საკითხი, რომლებზეც ევროპელ ლიდერებთან ერთად ვაშინგტონში შეთანხმებას მიაღწია.
ზელენსკი კვლავ ხაზს უსვამს ტარიფებისა და სანქციების მნიშვნელობას რუსეთის მიმართ განხორციელებული ზეწოლის მხრივ.
იგი ორი ქვეყნის ლიდრებს შორის შეხვედრის აუცილებლობაზეც საუბრობს და წერს, რომ ამგვარი პლატფორმა მნიშვნელოვანია ძირითადი საკითხების გადასაჭრელად.
"მე მქონდა კარგი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, გენერალ კიტ კელოგთან.
უკრაინა მადლიერია შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის და ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, მიაღწიოს რეალურ მშვიდობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს ყველა ის შედეგი — პოლიტიკური, თავდაცვითი და ეკონომიკური — რომელიც მიღწეულ იქნა ჩვენს შეხვედრაზე ვაშინგტონში ევროპელ ლიდერებთან ერთად.
ეჭვგარეშეა, ეს იყო წარმატებული სამიტი, ევროპასა და ამერიკას შორის ჭეშმარიტი ერთიანობის დემონსტრირება. უკრაინა, როგორც ყოველთვის, აერთიანებს მსოფლიოს. ჩვენ ვაფასებთ შეერთებული შტატების მზადყოფნას, იყოს უკრაინის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი, და ჩვენი გუნდები აქტიურად მუშაობენ მის ფორმირებაზე. ჩვენ ველით, რომ უსაფრთხოების ძირითადი საფუძვლები უახლოეს მომავალში იქნება განსაზღვრული.
ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ რუსებზე, ვაიძულოთ ისინი ჩაერთონ რეალურ მოლაპარაკებებში და დაასრულონ ომი. სანქციები, ტარიფები — ყველაფერი დღის წესრიგში უნდა დარჩეს. ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ლიდერების ფორმატში. ეს არის ფორმატი, რომელიც საჭიროა ძირითადი საკითხების გადასაჭრელად. ახლა იგივე მზადყოფნაა საჭირო მოსკოვისგან.
სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის, და არსებობს ორი ძლიერი შესაძლებლობა — შეთანხმება იარაღის შესყიდვაზე და შეთანხმება დრონებზე, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს ჩვენი არსენალი. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს მუშაობას PURL-ის ფარგლებში. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამერიკული აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც პარტნიორების მიერ ფინანსდება, და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი ქვეყნების ჩართვაზე.
და, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიმართულება. ყველა გატაცებული ბავშვის დაბრუნება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკა, შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი გააგრძელებენ პირად ძალისხმევას, რათა უკან დააბრუნონ რუსეთის მიერ უკანონოდ გატაცებული ყველა ბავშვი", - წერს ზელენსკი.