შსს-მ 5 ადამიანი დააკავა - მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

შსს-მ 5 ადამიანი დააკავა - მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სტენდაპერი ონისე ცხადაძე. ამასთან, დაკავებულებიდან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს არ ემორჩილებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში და პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, სამხედრო ტანსაცმელი, აირწინაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე თბილისში 4 პირის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები, დიდი ოდენობით თანხა, მეხსიერების ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

მიმდინარე პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. შსს-მ უკვე დააკავა 13 ადამიანი. აფეთქების მომზადების ბრალდებით დააკავა 1 ადამიანი.

ასევე, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.