
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს.
მათი ცნობით, კიდევ 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, მათგან 2 "კანონიერი ქურდია".
"დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.
ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად შეკრებებს აწყობდნენ.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
"ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1982 წელს დაბადებული გ.ს., 1989 წელს დაბადებული ა.ქ., 1982 წელს დაბადებული ვ.ს. მეტსახელად „პოვერა“, 1991 წელს დაბადებული გ.რ., 1980 წელს დაბადებული ო.მ. მეტსახელად „გეგე“, და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული მ.ჩ., 1985 წელს დაბადებული ბ.შ. და 1978 წელს დაბადებული ლ.ც.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, 1982 წელს დაბადებულ ბაჩანა ნადარეიშვილს, მეტსახელად „ბაჩო ტბილისკის“ და 1979 წელს დაბადებულ მანუჩარ გასვიანს „კანონიერი ქურდობისთვის” წარედგინა ბრალი, ხოლო 1978 წელს დაბადებულ თ.რ.-ს „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.