![ვეფხია კასრაძე ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/2cd00eb1-42c5-41fa-855f-570bf4f1e88f.png)
შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 „კანონიერი ქურდია“.
""ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1967 წელს დაბადებული მ.პ. (მეტსახელად "პაჭო“), 1987 წელს დაბადებული ზ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული დ.კ. (მეტსახელად "მესტო“), 1980 წელს დაბადებული ვ.ბ. (მეტსახელად "კოჭო“), ხოლო, ერთ პირს - 1985 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ს.გ., 1995 წელს დაბადებული მ.ქ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1974 წელს დაბადებული ს.ქ., 1980 წელს დაბადებული კ.ჩ., 1997 წელს დაბადებული ი.ბ. და 1989 წელს დაბადებული რ.გ.
„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1985 წელს დაბადებული ს.ს., 1978 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1986 წელს დაბადებული შ.ვ.
"ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის“ ფაქტზე დაკავებულია: წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ქ.დ.
„კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ: 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს, 1987 წელს დაბადებულ კაკო ტუღუშს მეტსახელად „ენცო“ და 1976 წელს დაბადებულ მამუკა ჩხაბერიძეს მეტსახელად „მამუკა ხონსკი“", - წერია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. "ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ".
შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ.
"ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”", - წერს შსს.
ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.