
"ოცნების" პრემირი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მის მიერვე დაანონსებული განათლების რეფორმის პირველი ეტაპი მომდევნო 1 წელში შესრულდება. ამის შესახებ მან "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იგივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში, გეგმის პირველი ნაწილი უკვე შესრულდება 1 წელიწადში", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 1 წლის შემდეგ მთავრობა მზად იქნება, გადავიდეს რეფორმის მეორე ეტაპზე, რასაც კობახიძის მტკიცებით, სხვადასხვა კომპონენტების გათვალისწინებით, 3-4 წელი დასჭიდება.
"შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისათვის, რომ გადავიდეთ მე-2 ეტაპზე. რაც შეეხება კონცეფციის სრულ განხორციელებას, თავისი ინფრასტრუქტურის ნაწილით და სხვადასხვა კომპონენტით, ამას დასჭირდება დაახლოებით 3-4 წელიწადი", - განაცხადა პრემიერმა
***
ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს განათლების სფეროში რეპრესიული ცვლილებები დააანონსა.
კობახიძემ ქართული ოცნების მთავრობის ინიციატივა იმ მიზეზით გაამართლა, რომ მათ მიერ საუნივერსიტეტო სისტემაში გადადგმული "პრინციპული ნაბიჯები თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან".
კერძოდ, ოცნება აპირებს დაამკვიდროს საუნივერსიტეტო განათლების შემდეგი პრინციპი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი. კობახიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მაგალითად თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი მტკიცებით, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის.
გარდა ამისა, ოცნება აპირებს კანონით დაარეგულიროს უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
კობახიძის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე და უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში.
გარდა ამისა, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, ოცნება აპირებს დანერგოს 3+1 სისტემა - 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი - მაგისტრატურას.
ასევე, კობახიძის თანახმად, აპირებენ, გაუქმდეს 12-წლიანი სწავლება და სკოლების ნაწილი უნდა გადავიდეს 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე.