ისრაელი ჰამასს სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, IDF-მა ღაზაზე იერიში მიიტანა

ისრაელი ჰამასს სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, IDF-მა ღაზაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ჰამასი ღაზის სექტორთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და მის სამხედრო პოზიციებზე იერიშები განახორციელა.

კერძოდ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მტკიცებით, დღეს ჰამასის მებრძოლებმა, ქალაქ რაფას მიმდებარე ტერიტორიაზე, ისრაელის თავდაცვის ძალების მანქანას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს.

საპასუხოდ, ისრაელის სამხედროებმა დაახლოებით 20 საჰაერო იერიში განახორციელეს ჰამასის ობიექტებზე რაფასა და ღაზის სხვა ნაწილებში.

ცნობილია, რომ ისრაელმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, დაეხურა ღაზაში შესასვლელი ყველა გამშვები პუნქტი და შეეჩერებინა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ისრაელს მოუწოდებდა, „ეპასუხა პროპორციულად, მაგრამ გამოეჩინათ თავშეკავება“.

„არავის სურს სრულმასშტაბიანი ომის განახლება. ისრაელელებს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის გარეშე სურთ ჰამასს აჩვენონ, რომ მათ ქმედებებს შედეგები მოჰყვება“, - თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.