ზელენსკი: პუტინს დამატებით არაფერს დავუთმობთ

ზელენსკი: პუტინს დამატებით არაფერს დავუთმობთ

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა რუსეთისთვის რაიმე დამატებითი ოკუპირებული ტერიტორიის დათმობა და გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილ შეხვედრას.

ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"თუ გვინდა, რომ ეს ომი შევაჩეროთ და სასწრაფოდ გადავიდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, დიპლომატიური გზით, ჩვენ უნდა გავჩერდეთ იქ, სადაც ვართ და პუტინს დამატებით არაფერი დავუთმოთ, რადგან მას ეს სურს", - თქვა მან.

პრეზიდენტმა პუტინს ტერორისტი უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ მზადა მას პირისპირ შეხვდეს.

"თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ამ ტრაგედიის ორივე მხარე გვჭირდება... როგორ შეიძლება ჩვენს შესახებ რაიმე გარიგება შედგეს ჩვენს გარეშე?“ – დასძინა მან.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ბუდაპეშტში ჩასვლას, ზელენსკიმ თქვა, რომ მან ტრამპს უკვე აცნობა თავისი მზადყოფნის შესახებ.

მან დასძინა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატის დაწყება – ორმხრივი თუ სამმხრივი.

„სამშვიდობო მოლაპარაკებები [უნდა გაიმართოს - რედ.] მშვიდ ვითარებაში. არ შეიძლება რაკეტებისა და დრონების ფონზე,“ – დაამატა ზელენსკიმ.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სჯერა, რომ რუსეთი ამჟამად ვერ იგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და მცირე წინსვლისთვის მაღალ ფასს იხდის.

"ამჟამად ჩვენ ვერ ვაგებთ ამ ომს და ვერც პუტინი იგებს. სინამდვილეში, მისი არმია ახლა სუსტ პოზიციაშია. მე ასე ვფიქრობ, რადგან ამ ომის დასაწყისიდან მათ ჩვენი მიწის 1% დაიკავეს, მაგრამ ამისთვის 1,300,000 ადამიანი დაკარგეს და ვფიქრობ, ეს ძალიან მაღალი ფასია ასეთი მიწისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.