
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 ივლისს, ბათუმში მომხდარი სროლის საქმეზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს.
"ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 ივლისს ღამის საათებში, ავტომობილით გადაადგილებისას ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაზინოს მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლის შედეგად დაზიანდა კაზინოს კარი და ფასადის ნაწილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი", - წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.