
უკანონოდ დაკავებული გიორგი ახობაძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი ორშაბათს, 28 ივლისს გამოაცხადებს.
დღეს სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად ახობაძეც, რომელმაც აღნიშნულ პროცესს რევანში უწოდება და დასძინა, რომ ამაში პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები არიან ჩართულნი.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პოლიციელებმა მას ნარკოტიკი ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაუდეს.
"თუ ერთი წინადადებით აღვწერ, ეს საქმე რევანშია ჩემ წინაარმდეგ. ეს რომ რევანშია მათივე ნათქვამია, სხვადასხვა ეტაპზე. მოიფიქრეს ბანალური ჩადების საქმე, რომელიც მათი სავიზიტო ბარათია. რევანშში ჩართულები არიამ პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები...
ამ პროცესებზე ჰგონიათ რომ ჩვენ გვასამართლებენ, მაგრამ, რეალურად, საკუთარი თავისთვის გამოაქვთ განაჩენი.
თუ ამის უფლება მაქვს, მინდა ბრძოლისკენ მოგიწოდოთ, იბრძოლეთ სანამ გვიანი არ არის. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ...
ჩემი საქმე იწყება ყალბი პატაკით. ყველა ინფორმაცია სიცრუეა. პოლიციამ სანაპიროზე გამაჩერა და იძულებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ჩამიდეს ნარკოტიკი... ჩხრეკის დროს უკანონოდ მოიპოვეს ჩემი ნერწყვის ნიმუში. ცისფერი ხელთათმანების გამოყენებით. გამომისვეს პირში და შემდეგ გადაიტანეს შეკვრაზე....
როგორც კი ჯიბეში ჩამიდეს და მერე ისევ ამოიღეს ეს მათი ნაგავი, მერე აღარც მანქანა უჩხრეკიათ, კაპოტიც კი არ აუხდიათ. აღარც სახლი უჩხრეკიათ", - თქვა ახობაძემ განაჩენის გამოცხადებამდე.
ახობაძე "ოცნების" პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 დეკემბერს დააკავა. კერძოდ მაშინ, როცა იგი საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.