გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მტვერი პილატეს ხელებზე

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მტვერი პილატეს ხელებზე

ცნობილია, რომ მმართველი ძალის ლეგიტიმურობას საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი მხარდამჭერი ბიულეტენების რაოდენობა განსაზღვრავს. სამართლებრივად ეს ასეც არის, თუმცა არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საწყის ეტაპზე მაღალი მხარდაჭერის მიღების შემთხვევაშიც კი, ხელისუფლების სტატუსის შენარჩუნებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს არის მომენტი, ტენდენცია, როდესაც მმართველობის ბუნება, გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების სტილი მკვეთრად შორდება და მეტიც - უპირისპირდება ადამიანურობისა და ჰუმანიზმის იმ ძირითად პრინციპებს, რაზეც ეს კონკრეტული საზოგადოება დგას, რის გარშემოც ამ საზოგადოებაში მცხოვრებ ხალხს საერთო ღირებულებითი მიკუთვნებულობის, "საერთოობის", ანუ ეროვნულობის განცდა საუკუნეების განმავლობაში უყალიბდებოდათ. ეს არის ის რითაც ამდენი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანი ერთმანეთს ჰგავს და ის რაც ამ მსგავსებით, მთელ საზოგადოებას განასხვავებს სხვა საზოგადოებებისაგან, თუნდაც რუსულისგან.

ეს ხდება მაშინ, როდესაც მმართველობა იწყებს დაშორებას — და მეტიც, დაპირისპირებას — ჰუმანურობასთან. მაშინ, როდესაც ძალაუფლების გამყარების მიზნით იშლება ის ფუნდამენტი, რაც ხალხს საზოგადოებად აყალიბებს. ვიღებთ სისტემურ აგრესიაზე აწყობილ მმართველობას, რომელიც ადამიანურ განცდებს, თანაგრძნობასა და სამართლიანობის მოთხოვნას სისუსტედ აღიქვამს.

ასეთ შემთხვევაში არა უბრალოდ ნაპრალი ჩნდება, დელეგიტიმაციის პროცესი ჩქარდება, არამედ ხალხისა და მმართველი რეჟიმის თანაცხოვრება ერთ საზოგადოებაში ხდება შეუძლებელი და აუტანელი.

სწორედ მაშინ იწყება დელეგიტიმაცია. არა მხოლოდ იურიდიულად, არამედ მორალურად — ანუ ყველაზე არსებითად.

უზარმაზარი სახალხო მხარდაჭერის ტალღაზე მოსული ვარდების რევოლუციის ხელისუფლების ნამდვილი პრობლემები საზოგადოებასთან იქ კი არ დაიწყო, როდესაც ქურდულ სამყაროს შეუტია, ან მძღოლს ღვედის გადაჭერა აიძულა, საგადასახადო წესრიგი დაამყარა თუ მისაღები გამოცდების კორუმპირებული სისტემა დაამხო.. რა თქმა უნდა არა - უფრო პირიქით...

ბზარი საზოგადოებასთან გაჩნდა მაშინ, როდესაც მოქალაქეებმა დაინახეს: როგორ გამოჰყავდა პოლიციას მოხუცებული საწოლით სახლიდან იძულებით, როგორ არბევდა მშვიდობიან აქციებს არაადეკვატური სიმხეცით, როგორ ჩნდებოდა ნიღბებს მიღმა სიცივე, გულგრილობა და ძალადობისკენ მიდრეკილი მენტალიტეტი.

ხელისუფლების ძალისმიერი მოქმედების კანონიერებაზე ცალკე ვისაუბრებთ.

ზღვარი გადაიკვეთა იქ, სადაც ბავშვების, ქალების და ყველაზე დაუცველების წინააღმდეგ მიმართული სისასტიკე სისტემური გახდა.

არ არსებობს კანონი და მეტიც არსებობს კანონმდებლობა, მოთხოვნები და სტანდარტები, რომელიც კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რაც გუშინ ვნახეთ, განსაკუთრებით ბავშვებთან და არასრულწლოვანებთან მოპყრობის თვალსაზრისით.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მორალის დაშლის, ანტისოციალური მმართველობის და ანტიჰუმანური პოლიტიკის მზარდ ტენდენციას...

თითქოს ვუყურებთ შეჯიბრს, ვინ უკეთესად დაკარგავს სახეს, სინდისს და სამართლიანობის ელემენტარულ შეგრძნებას.

პარალელურად მცდელობა იმისა რომ ვისაც არა მარტო შერჩენია ემპათია, თანაზიარობის და თანადგომის, ანუ ადამიანურობის განცდა, არამედ მზად არის ამისთვის იმოქმედოს - დასჯილები, დაჯარიმებულები და იზოლირებულები, პატიმრობაში და დევნის ქვეშ არიან.

დღეს საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც დაცლილია ადამიანური, ქრისტიანული, ჰუმანური, დემოკრატიული ღირებულებებისგან. ეს რეჟიმი არა მხოლოდ არ სცნობს მოქალაქეს — არამედ მტრად აღიქვამს მას.. მტრად ყავს გამოცხადებული ყველა, ვინც თანაგრძნობას, ერთობას და სამართლიანობას არ თმობს.

საღამოს, "თბილისი რომ ურთიერთობა და ადამიანობა იყო..." იმ ქალაქის მესამედ მერობისთვის გამზადებული კალაძე დაჯდა და გამოგვიცხადა რომ პილატესავით ხელები დამიბანიაო...

არა, ბატონო მერო, თქვენი ხელები ამჯერად მტვრითაა დაფარული — იმ მტვრით, რომელიც ბავშვების ღარიბი საცხოვრებელის ბულდოზერებით ნგრევის შემდეგ დაილექა. იმ მტვრით, რომელიც მათ მოგონებებს, საწოლებს, საუზმის სუნს, სათამაშოებს და მომავლის რწმენას დააცხრა.

დევნილებისა და უკიდურესად გაჭირვებული ბავშვებიანი ოჯახების გამოყრით, თქვენ კრიმინალს კი არა, უბედურებას გაუსწორდით.

მათ მოგმართავთ, ვინც პოლიტიკაში არ ერევით, ან მარტო იმას გინდათ უყუროთ რასაც ქართულენოვანი რუსული პროპაგანდა გაჩვენებთ - სცადეთ, თქვენი დახუჭული თვალით წარმოიდგინოთ გამოყრილი ბავშვების თვალებით დანახული და აღქმული კადრი — როგორ გაგდებენ სახლიდან, როგორ გინგრევენ კედლებს, როგორ არ უშვებენ მამას თქვენი სათამაშოს გამოსატანად... და ეს წარმოიდგინეთ იმ პატარის თვალით, რომლის მშობლებიც ერთმა ომმა აფხაზეთიდან გამოაგდო, ხოლო მეორე — უკვე სახელმწიფოს სახით, თბილისში დაატყდა თავს.

ამ ოჯახებისთვის გაუგებარია: სად მთავრდება ომი? ან ოდესმე თუ მთავრდება?

გუშინდელი დღის მთავარი მსხვერპლი ბავშვი იყო და მომავალი — ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

ბავშვი, რომელიც ამას ხედავს, რომელიც ამას განიცდის — ან გაბოროტდება და თუ ძირეულად ყველაფერი არ შეიცვალა, ჩვენთან ასეთად დარჩება, მაშინ ჩვენვე გავიაზროთ რა იქნება ასეთი, ივანიშვილის საოცნებო საქართველო... ან ეს ბავშვი გაგვექცევა. წავა. ზურგს შეგვაქცევს.

და აი, მაშინ არანაკლებ მძიმე კითხვა გვეჯახება - ვის დარჩება ეს საქართველო?