საია: 8 სექტემბრის ძალადობა მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად გამოყენებული კრიმინალური მეთოდებია

საია: 8 სექტემბრის ძალადობა მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად გამოყენებული კრიმინალური მეთოდებია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს, პოლიციამ კი ეფექტიანი რეაგირება არ მოახდინა.

საიას შეფასებით, ძალადობა იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავდა პროტესტის ჩახშობას. ორგანიზაციის თქმით, სამართალდამცავებმა ვერ უზრუნველყვეს მოქალაქეთა უსაფრთხოება და არ გამოიყენეს საჭირო ზომები მოძალადეთა დასაკავებლად.

საიას განცხადებით, მომხდარი წარმოადგენს არა მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას, არამედ ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ მეთოდებზე დაყრდნობილ პოლიტიკას.

„2025 წლის 8 სექტემბრის საღამოს, მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ფიზიკურად იძალადეს მშვიდობიან დემონსტრანტებზე და მედიის წარმომადგენლებზე. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდამჭერები სასტუმრო „საქართველოსთან“ რამდენიმე მანქანით და რკინის ჯოხებით შეიარაღებულები მივიდნენ და დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდებიან თავდამსხმელები შეკრებილ დემონსტრანტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მხრიდან ქვეითად და გზის მხრიდან - ავტომობილებით. არაერთ ვიდეოში ასევე ნათლად ჩანს, როგორ ესხმიან „ქართული ოცნების" მხარდამჭერები თავს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ისე, რომ სახეზეა არა ორმხრივი შეტაკება ან აუცილებელი მოგერიება, არამედ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებზე მიზანმიმართული, ძალადობრივი თავდასხმა. ძალადობის სამიზნე გახდნენ ჟურნალისტებიც, მათ შორისაა ლასლო მესეში, რომელსაც ტელეფონი წაართვეს და სცემეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე დროულად არ მივიდა. დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ტექნიკის გატაცების/დაზიანების ფაქტები, მათ შორის, ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს „პუბლიკას“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის ტელეფონის წართმევა, ასევე „პუბლიკას“ ჟურნალისტის, ქეთო მიქაძისთვის ტელეფონის წართმევა და მასზე შემდგომი ფიზიკური ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე მარტივად იდენტიფიცირებადია, თავდამსხმელი პოლიციას არ დაუკავებია. „პუბლიკას“ ინფორმაციით, მათ ინციდენტის შემდეგ, რამდენჯერმე დარეკეს საპატრულო პოლიციაში, თუმცა არც ადგილზე მყოფ პოლიციას ჰქონია რეაგირება და არც „პუბლიკას“ მიერ გამოძახებული პოლიცია არ გამოცხადებულა დანაშაულის ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტებზე, მათ შორის ქალებზე, ჟურნალისტებზე, ძალადობრივი, ფიზიკური და სიტყვიერი, თავდასხმები ხდებოდა პოლიციელთა თანდასწრებით, პოლიციას ეფექტიანი რეაგირება არ ჰქონია. სამართალდამცავებმა არ მიიღეს საჭირო ზომების ძალადობრივი ქმედებების შეჩერებისა და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად. პოლიციას ადგილზე არ დაუკავებია არც ერთი მოძალადე იმის მიუხედავად, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული კადრების ანალიზი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პოლიციას აღეკვეთა ძალადობა; ცხელ კვალზე დაეკავებინა მოძალადე პირები. პოლიციას არ დაუკავებია მოძალადეები, იმის მიუხედავად, როგორც კადრებში ნათლად ჩანს, მათ მიერ ნასროლი ნივთები, მათ შორის პოლიციელებს ხვდებათ. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ ართმევს პოლიციელი კეტით შეიარაღებულ მოძალადეს ხელკეტს, რომლითაც იგი მანამდე დემონსტრანტს სცემდა. მოძალადე მას ეუბნება, რომ „მისიანია” და პოლიციელი პასუხობს, რომ ხელკეტს „მანქანაში ჩადებს“. კადრებში ჩანს, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულების და მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობისაგან დაცვის ნაცვლად, პოლიცია თავად მონაწილეობდა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში და აგინებს მას, რაც საგანგაშოა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტზე თავდასხმას პოლიციის წარმომადგენლები ტოვებენ ეფექტიანი რეაგირების გარეშე. მსგავსი ინციდენტები მოხდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროტესტების და 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს, 20:59 წუთზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც მშვიდობიან დემონსტრანტებზე ჯგუფურ ძალადობას „მოქალაქეებს შორის დაპირისპირება“ უწოდა. მოუწოდა „შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22:15-ზე გამოაქვეყნა კიდევ ერთი განცხადება, რომლითაც „მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“. მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირები და საკუთარი განცხადებებით, ფაქტობრივად, დაადასტურეს საკუთარი მხარდაჭერა მოძალადეთა მიმართ. დიმიტრი სამხარაძემ საკუთარ „ფეისბუქ“ პოსტში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ძალადობა დემონსტრანტების პროტესტზე საპასუხო შურისძიებას წარმოადგენდა. ძალადობის მსხვერპლებს დააკისრა პასუხისმგებლობა თბილისის მერმა კახი კალაძემაც, მათ შორის, გამოიყენა სექსისტური ენა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ქალებზე საუბრისას.

დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოს ის პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებს, რომელთა გავრცელებასაც მიზნად ისახავს დემონსტრაცია, თუმცა, მონაწილეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმის შიშის გარეშე, რომ ოპონენტები მათზე ფიზიკურად იძალადებენ. საპროტესტო აქციის დროს, სახელისუფლებო ძალაუფლების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს მათი მშვიდობიანი ჩატარება და მოქალაქეების უსაფრთხოება. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ეფექტიანად დაიცვას ადამიანები მესამე პირების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებებისაგან და გადადგას გონივრული ნაბიჯები მესამე პირების მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის, როდესაც სახელმწიფომ იცოდა ან უნდა სცოდნოდა ასეთი მოპყრობის შესახებ.

8 სექტემბრის მოვლენები დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნება“ განაგრძობს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას. 8 სექტემბრის ძალადობის ჯგუფური და ორგანიზებული ხასიათი, მასზე პოლიციის ეფექტიანი რეაგირების არარსებობა და „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის საჯაროდ მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა იზოლირებულ შემთხვევასთან ან „მოქალაქეთა დაპირისპირებასთან“, არამედ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად და საპროტესტო გამოხატვის დასჯის მიზნით, კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენებასთან“, - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.