
ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ რიტორიკასთან დაკავშირებით განცადებას ავრცელებს.
კერძოდ, გაერთიანება მკაცრად უარყოფს და გმობს "ქართული ოცნების" რეჟიმის დეზინფორმაციას, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თოთქოს, ევროკავშირს სურს ქვეყანა ომში ჩაითრიოს, ან თავს მოახვიოს "არაქართული ღირებულებები."
განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მსგავსი რიტორიკა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული გზის მოწინააღმდეგეთა ინტერესებს ემსახურება.
ევროკავშირი ასევე მკაცრად გმობს, ხელისუფლების მხრიდან, საქართველოში მისი ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წინააღმდეგ არსებულ შეტევებს და მოუწოდებს ყველა შესაბამის პოლიტიკოსს, თავი შეიკავოს აღნიშნული თავსახმებისა და პროვოკაციული გამოსვლებისგან.
"ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს იმ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოში ევროკავშირის როლს შეეხება. ბოლოდროინდელი ცრუ ინფორმაციის მატარებელი განცხადებები, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე. წ. „არატრადიციული ღირებულებების“ თავზე მოხვევას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს.
რუსეთის სტილში შეთხზული შეთქმულების თეორიებითა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დაზიანება მხოლოდ მათთვის არის ხელსაყრელი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
მტკიცედ ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან, მოერიდოს წამქეზებლურ პირად თავდასხმებს და თავისი მოსახლეობის ევროპული მომავლის მისაღწევად იმუშაოს.
ევროკავშირი იყო და არის საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ უცხადებს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოქალაქეებს და გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ სვლაში", - წერია განცხადებაში.