შსს: აქციაზე კიდევ 2 პირი დავაკავეთ, მათ პარლამენტთან რკინის ჯებირი დააზიანეს

შსს: აქციაზე კიდევ 2 პირი დავაკავეთ, მათ პარლამენტთან რკინის ჯებირი დააზიანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი 2001 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს.

მათი მტკიცებით, 14 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, "დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ".