შოვში დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 16 ადამიანის დაღუპვა დასტურდება. მათგან 5 ადამიანის ცხედარი მაშველებმა დღეს იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის ცნობით, დღეს ნაპოვნი ცხედრები ე.წ კოტეჯების ლოკაციაზე ნახეს.

"დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე." - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ცნობით, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედრებიდან 7 იდენტიფიცირებულია.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 20 ადამიანთან.