
რა დარჩა სამხრეთ კავკასიაში რუსეთისაგან და რუსეთისთვის? შეიძლება თუ არა, ერთმა სამხედრო სწავლებამ ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ბალანსი დაარღვიოს? და თუ კი, რა მიმართულებით?
"მტკიცე სული 2025“ – ნატოს მრავალეროვნული სწავლება საქართველოში –ზუსტად ასეთი მარკერია. სწავლება, რომელმაც სამხრეთ კავკასიაში ძალთა განაწილების აღქმა შეცვალა და ნათლად აჩვენა: ნატო დაბრუნდა, რუსეთის გავლენა რა თქმა უნდა არ გამქრალა, მაგრამ დაკნინების ფაზაშია.
კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრში, 10 ქვეყნის ორი ათასამდე სამხედრო, მათ შორის 800 ამერიკელი, ასევე ხაზგასასმელია უკრაინელები, საბრძოლო ვერტმფრენებითა და ჯავშანტექნიკით, 1 კვირის განმავლობაში გადიან საერთო წვრთნას.
პირველი – ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ საქართველოს ევროატლანტიკური გზა მხარდაჭერილი და დაცულია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძალის ფაქტორით.
მეორე – მოსკოვის მიმართ რბილად რომ ვთქვათ ლოიალური ოცნება სრულად და აბსოლიტურად ვერ აკონტროლებს პროცესებს. რეჟიმის პრეზიდენტის, პრემიერის, თავდაცვის მინისტრის არყოფნამ ვერ დაფარა რეალობა: გადაწყვეტილების ცენტრები მხოლოდ მოსკოვში და მის ქვემდებარე თბილისის რამდენიმე კაბინეტში აღარ არის.
მესამე – ნატოს პარტნიორად საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ეს რუსეთისთვის იყო სასურველი.
ეს ყველაფერი ხდება პუტინის, როგორც მას ფინეთის გამორჩეულად თავშეკავებულმა და კორექტულმა პრეზიდენტმა უწოდა - ,,სტრატეგიული სულელის" იმპერიული ბულემიისა და სიბეცის გამო გამოწვეული რუსეთის დრამატული უკანდახევის ფონზე.
რუსეთმა დაკარგა სირია, სტრატეგიული პარტნიორის რეპუტაცია დამარხა ირანში, ახლო აღმოსავლეთში ჩააჭრეს საცეცები, გამოიყენა და თავი არაფერში გამოაყენებინა აზერბაიჯანმა, დემოკრატიული არჩევანის, ანუ ფაშინიანის გამო დასასჯელად გაწირა სომხეთი, რასაც ერევანის მოსკოვიდან დისტანცირება და თურქეთ, ევროკავშირ, შეერთებულ შტატებთან დაახლოება მოყვა და ცენტრალურ აზიაში ჩინური გავლენის ზრდას დაემატა ამ დიდი რეგიონის სამხრეთ დერეფანზე მეტად ორიენტირება.. მოკლედ რუსულად რომ ვთქვათ - Путин проссрался!
გასულ კვირას თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ჩამოვიდა. პროტკოლური საჯარო განცხადებების მიღმამას კონკრეტული გზავნილი ქონდა – ბაქოსთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, როგორ მოიქცევა საქართველო, თუ ბაქოსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა.
მოსკოვი დღეს უკვე ვეღარ ახერხებს ფართომასშტაბიან ზეწოლას და მხოლოდ წვრილი პროვოკაციებით მანიპულირებს – ამის მაგლითია ლარსზე სომხეთის სატრანზიტო ტვირთების შეფერხება.
არადამაჯერებლად გამოიყურება კასპიის ზღვაში ირანთან ერთად გამართული სწავლებებით აზერბაიჯანის დაშინების მცდელობაც – რის პარალელურადაც ბაქო-ანკარის სტრატეგიული თავდაცვითი შეთანხმების ფონზე, საქართველოში ნატოს ორიათასიანი კონტიგენტი გადის წვრთნას. შეგვიძლია ვთქვათ რომ ამით რეგიონში ძალთა ბალანსი საბოლოოდ იცვლება.
ბაქოზე მოსკოვის ზეწოლის რესურსებზე მსჯელობისას კიდევ არის რამდენიმე ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელია და მათ შორის სწორედ საქართველოში. მთავარი რაც ამ დროს გვახსენდება ნავთობისა და გაზის მაგისტრალების ფუნქციონირების შეფერხება და ამ გზით ალიევზე ზეწოლის განზრახვა შეიძლება იყოს. ინსტრუმენტად საქართველოს, უფრო ზუსტად კი ივანიშვილის გამოყენება დამღუპველი იქნება თავად მეოცნებე ავტორიტარისთვის და უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.. რასაც ვეჭვობ ივანიშვილი ბოლომდე აცნობიერებდეს.. აქ მის საღ ჭკუასა და რაციონალიზმზე მეტად უფრო ჩვენი თურქი და აზერბაიჯანელი მეგობრების ყურადღების იმედზე თუ ვიქნებით.
რომ შევაჯამოთ: - რუსეთი თანდათან კარგავს არა მხოლოდ პოზიციებს, არამედ ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც. და სწორედ ამის, თუნდაც ნაწილობრივ კომპენსაციას ეცდება ბიძინა ივანიშვილზე წნეხის გაზრდით. მაგრამ „მტკიცე სული 2025“ კიდევ ერთხელ გვახსენებს: ამ ქვეყნის უსაფრთხოება და მომავალი მარტო ერთი ადამიანის ხელში აღარ არის.
სამხრეთ კავკასია ახალ ეპოქაში შედის და ჩვენ, ქართველებმა, უნდა ვუპასუხოთ: გვსურს თუ არა, რომ ეს ქვეყანა იყოს იქ, სადაც დღეს ნატოს ჯარისკაცები დგანან – თავისუფალ სამყაროში?
ეს სწავლება გვაჩვენებს, რომ არჩევანი ჯერ კიდევ არსებობს და მისი შენარჩუბისთვის ბრძოლაში ყველაზე ძლიერი მოკავშირეები გვყავს.