
თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სისტემურად ანგრევს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ზურგს აქცევს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან.
მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოება აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ვერ იარსებებს, ხოლო „შუა კორიდორი“ ქვეყნის მთავარი გეოპოლიტიკური უპირატესობაა, რომელიც უნდა დარჩეს თავისუფლების გზად და არა რუსეთის, ირანისა თუ ჩინეთის გავლენის ქვეშ.
"საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა შეერთებული შტატებიდან - კონგრესის, წარმომადგენელთა პალატის და სენატის მხრიდან. დღეს აქ ვარ იმისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიცია - იმ ადამიანების, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ პარტნიორობისთვის და აშშ-თან ერთად აგებდნენ სიცოცხლისუნარიან დემოკრატიულ სახელმწიფოს. მე აქ ვარ, რათა დავიცვა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პრიორიტეტი - სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება და გაძლიერება აშშ-სთან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვააშკარაოთ ავტორიტარიზმისკენ სვლა და წარმოვადგინოთ შემაშფოთებელი მტკიცებულებები იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ სისტემურად და სწრაფად მიატოვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არჩევანი გააკეთა ავტორიტარულ ძალებთან ალიანსების სასარგებლოდ.
ასევე ვეცდები ავხსნა, რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი ამერიკისთვის. პრეზიდენტმაც უკვე დაასახელა გარკვეული არგუმენტები, მე კი მათ დავამატებ კიდევ რამდენიმე ასპექტს.
დღეს ჩემ მიერ მოტანილი კონკრეტული მტკიცებულებები არ ეხება მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობიდან გასვლას. ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხალხის ნებისა და სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ასახავს.
აქ ვსაუბრობ, როგორც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრი და როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც სიამაყით იბრძოლა ამერიკულ არმიასთან ერთად ერაყში, ავღანეთში და მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო იყო ნატოს არმიის მიღმა ყველაზე დიდი კონტრიბუტორი და მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა ავღანეთში გაგზავნილი სამხედროების რაოდენობით. ჩვენ გადავიხადეთ მძიმე ფასი - ყველაზე მაღალი დანაკარგითა და 435 დაჭრილი ჯარისკაცით.
მინდა ყველაზე მარტივი ჭეშმარიტებით დავიწყო: საქართველოს უსაფრთხოება შეუძლებელია შეერთებული შტატების პარტნიორობის გარეშე. არც არასდროს ყოფილა და ვერც იარსებებს აშშ-ის დახმარებისა და ერთგულების გარეშე. საქართველოს სახელმწიფოებრიობა ვერ შედგებოდა და ვერ გადარჩებოდა. სწორედ აშშ-ის ჩარევამ შეაჩერა პუტინი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. აშშ-ის ლიდერობა იყო და არის გადამწყვეტი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარების პოლიტიკაში.
აშშ-ის დახმარებით ავაშენეთ თანამედროვე არმია და სახელმწიფო ინსტიტუტები. მათივე დახმარებით შევქმენით სკოლები და საავადმყოფოები, განვავითარეთ უნივერსიტეტები, მოვამზადეთ მასწავლებლები, საჯარო მოხელეები და ექიმები. სია ძალიან გრძელია, და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პარტნიორობა შენარჩუნდება.
საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, ევროპისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სამი ძირითადი მიზეზის გამო:
პირველი - გეოგრაფია,
მეორე - სტრატეგიული დაკავშირება,
მესამე - დემოკრატიული მაგალითი.
საქართველო მდებარეობს შუა კორიდორის გულში - თანამედროვე „აბრეშუმის გზაზე“, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, გვერდს უვლის რუსეთსა და ირანს. ჩვენ შეიძლება პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ვართ კარიბჭე და დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც აერთიანებს ცენტრალურ აზიასა და ევროპულ ბაზრებს მილსადენების, რკინიგზებისა და პორტების მეშვეობით. ეს მხოლოდ სავაჭრო გზა კი არა, არის თავისუფლების კორიდორი - გზა, სადაც გადაადგილდება საქონელი, ენერგია, მონაცემები და ადამიანები ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის გარეშე, რაც ასე დამახასიათებელია ჩრდილოეთის გზისთვის ან ირანის გავლენისთვის სამხრეთიდან.
შუა კორიდორი არ არის ალტერნატივა - ეს არის ერთადერთი გზა. ის არის პრაქტიკული და პოლიტიკური თვალსაზრისით სანდო როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე მისი მოკავშირეებისთვის.
აშშ-სთვის შუა კორიდორი უზრუნველყოფს გამძლეობას ავტორიტარული ძალების ფონზე - ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და რუსეთის მუდმივი მცდელობის პირობებში, რომ დაიბრუნოს თავისი გავლენა, ასევე ჩინეთისგაძლიერების ფონზე. შუა კორიდორი დემოკრატიულ ალტერნატივას სთავაზობს მსოფლიოს. საქართველო კი ამ კორიდორის საყრდენია. საქართველოს გარეშე თავისუფალი კორიდორი აღარ იარსებებს - ეს გზა დაიკეტება და კარი გაიღება რუსეთის, ირანისა და ჩინეთისთვის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.