
კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის „Turning Point USA“-ს ლიდერი და დონალდ ტრამპის მჭიდრო მოკავშირე ჩარლი კირკი იუტაში, Utah Valley University-ში გამართულ ღონისძიებაზე დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის სტუდენტებს სიტყვით მიმართავდა.
ადგილზე გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გაისმა გასროლის ხმა. უნივერსიტეტის წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი ერთ-ერთი შენობიდან, დაახლოებით 200 იარდის დაშორებით გახსნა და უკვე დაკავებულია. ის უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის.
კირკის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. „Turning Point USA“-ს სპიკერმა დაადასტურა, რომ ის ყელის არეშია დაჭრილი.
მომხდარს გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და სოციალურ ქსელში დაწერა: „ყველამ ერთად ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელიც დაჭრეს. ის დიდებული ადამიანია. ღმერთმა დალოცოს იგი!“
31 წლის ჩარლი კირკი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მემარჯვენე ახალგაზრდული ლიდერია და ბოლო წლებია მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრამპის პოლიტიკურ ბანაკთან.