
ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი - ლუკა კურტანიძე დააკავეს მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა ცოლმა ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.
ლუკა კურტანიძის დაკავება ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ ის დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.
ლუკა კურტანიძეს ყოფილი ცოლი ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ლუკა კურტანიძე დღეს ქობულეთში, მის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელდა დაპირისპირების ვიდეო-კადრებიც.
ძალადობის მსხვერპლ ქალს აღენიშნება ტვინის მსუბუქი შერყევა და სხეულზე მრავლობითი დაზიანება. თუმცა, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ლუკა კურტანიძე არ დაუკავებია და არც გამოკითხვაზე გადაუყვანია. პირიქით – სამართალდამცველებმა სცადეს, ტერიტორიიდან თავად ხათუნა მიქაცაძე გაერიდებინათ.
ხათუნა მიქაცაძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მასზე ლუკა კურტანიძემ იძალადა, თუმცა, ის აღნიშნავს, რომ მიმართვის მიუხედავად, ლუკა კურტანიძე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.
"ეს ადამიანი იმუქრება, რომ ‘მე ვარ მთავრობა, მე ვარ სახელმწიფო’, და პოლიციაც ვერ ბედავს რეაგირებას. პოლიციელები მეუბნებიან – იმიტომ, რომ ლუკა კურტანიძეა, მოდი, ნუ გავწირავთო. უკვე მეხუთედ ვითხოვ დახმარებას. მაქვს მოქმედი შემაკავებელი ორდერი, მისამართიც მივეცი, სადაც იმყოფებოდა, მაგრამ ისევ მე დამიძახეს გამოკითხვაზე", - თქვა ხათუნა მიქაცაძემ.