სოფელ შინდისში ადგილობრივებმა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით აქცია გამართეს. ისინი მთაწმინდის რაიონის გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს შელაპარაკება ჰქონდათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან, რადგან პოლიცია მათ გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.
ერთ-ერთი აქციის მონაწილე ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ უკვე 2 წელია მერიისგან ავტობუსის გაჩერების დამონტაჟებას ითხოვენ, თუმცა უწყების მხრიდან რეაგირება არ არის.
"უკვე 2 წელიწადია, ვითხოვთ მოთხოვნით [ავტობუსის] გაჩერებას, მაგრამ რეაგირება არ არის. შევიდა მთელი მოსახლეობის წერილები, ბოლოს მოვიდა პასუხიც, რომ თანხმობაა, მაგრამ რეაგირება არ არის არც გამგეობისგან, არც მერიისგან. სკოლები, ბაღი დაიწყო, პატარა ბავშვებით მოსახლეობა, მოხუცები აჰყავთ ორი გაჩერებით ზევით და ძალიან ჭირს [გადაადგილება].
ვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება. თუ გაჩერება არ ხერხდება, ვითხოვთ, რომ მოთხოვნით გაჩერება დააყენონ. მაგის პასუხს ვითხოვთ ჩვენც, რატომ ჭიანურდება, უკვე 2 თვეა გვპირდებიან, 2 თვეა ვიცდით ხალხი და რეაგირება არ არის. ყოველ სამუშაო დღეს გამოვალთ და გზას გადავკეტავთ", - აცხადებს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.