"შეწყვიტოს უმრავლესობამ უფლებათა დამცველებზე თავდასხმები"- 25 NGO-ს სოლიდარობა ნაკაიძეს

"შეწყვიტოს უმრავლესობამ უფლებათა დამცველებზე თავდასხმები"- 25 NGO-ს სოლიდარობა ნაკაიძეს

25 სამოქალაქო და სათემო ორგანიზაცია ეხმაურება ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმებს და მიიჩნევს, რომ ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ ისახავს ზოგადად, უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ესხმიან თავს ნაკაიძეს.

"ტარიელ ნაკაიძე, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისგან განსხვავებით, პარლამენტის ტრიბუნას ხშირად იყენებს ადამიანის უფლებების დასაცავად, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ქალებისა და ლგბტქი ადამიანების გამოწვევებზე სასაუბროდ. უმცირესობების უფლებები არის იმ ევროპული ღირებულებების ნაწილი, რომელიც სიღრმისეულადაა დაცული ევროკავშირში და ჩვენი ტრადიციის ორგანული ნაწილია.

ხელისუფლების მიერ წარმოებული სიძულვილის ენა და საზოგადოების გახლეჩაზე ორიენტირებული პოლიტიკა, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანის უფლებების დაცვის სულისკვეთებას, შეუქცევადად აღრმავებს პოლიტიკურ ველზე არსებულ პოლარიზებას და აზიანებს მრავალფეროვან და პლურალისტურ გარემოს.

ამ განცხადების ხელმომწერი სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ ტარიელ ნაკაიძეს და მოვუწოდებთ უმრავლესობის წევრებს, შეწყვიტონ ადამიანის უფლებების დამცველ ადამიანებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები"- ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი

  • სოლიდარობის პლატფორმა

  • პანკისის სათემო ორგანიზაცია

  • პლატფორმა სალამი

  • მრავალფეროვანი და თანასწორი საქართველო

  • Სოლიდარობის მეზუემი

  • სოლიდარობის თემი

  • იორმუღანლოს სათემო ცენტრი

  • ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის

  • Სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი

  • თბილისი პრაიდი

  • საფარი

  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი

  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG

  • ქვიარ ასოციაცია - თემიდა

  • თანასწორობის მოძრაობა

  • უფლებები საქართველო

  • ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

  • მწვანე ალტერნატივა

  • მწვანეები

  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, PHR

  • რაჭის სათემო ორგანიზაცია

  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

***

22 მარტს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.

დაპირისპირება რეპლიკებმა გამოიწვია, კონკრეტულად კი ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.

ამასთან, ნაკაიძის თქმით, სუბარმა მას "შპიონი და მოღალატე" უწოდა.

ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი", რაზეც კობახიძემ უპასუხა: "არ მინდა და არ განვმარტავ".

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებებზე შეფასება არ გაუკეთებია სახალხო დამცველს. ლევან იოსელიანმა ნაკაიძესთან დაკავშირებით შეკითხვას არ უპასუხა.