ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ მას "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.
ნაკაიძე კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ მძიმე რეპუტაცია არა, თუმცა "მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია" აქვს.
"ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს"- წერს ნაკაიძე Facebook-ზე.
ქართული ოცნების თავმჯდომარე გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.
ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი", რაზეც კობახიძემ უპასუხა: "არ მინდა და არ განვმარტავ".
კობახიძე ამბობს, რომ "კოლეგებს მის მიმართ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება", რასაც აბსოლუტურად გასაგებს უწოდებს.
***
22 მარტს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.
დაპირისპირება რეპლიკებმა გამოიწვია, კონკრეტულად კი ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.