ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს, რომელსაც გუშინ ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტში მიკროფონი ჩაარტყა, "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცს" უწოდებს.
კობახიძემ გუშინდელ ინციდენტს "აბსოლუტურად გასაგები" უწოდა და თქვა, რომ "დეპუტატებისთვის რთულია რბილი დამოკიდებულების გამოვლენა იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც მოღალატეებს უწოდებენ".
"როდესაც ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის ჩემთვის გასაგები, მაგრამ რაც შეეხება ინციდენტს, ინციდენტები ზოგადად მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან პარლამენტში, ეს არის ჩემი დამოკიდებულება", - თქვა კობახიძემ.
ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი", რაზეც კობახიძემ უპასუხა: "არ მინდა და არ განვმარტავ".
ოცნების თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ტარიელ ნაკაიძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში ჯდომა ეკუთვნის".
"დეპუტატს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა. მძიმე რეპუტაცია ერთი, სხვა კოლეგებს უწოდა მოღალატეები მეორე", - თქვა კობახიძემ.
გუშინ, 22 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნებიდან ფორმალურად წამოსულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძე მიკროფონი ჩაარტყა.
დაპირისპირება რეპლიკებმა გამოიწვია, კონკრეტულად კი ვიქტორ ჯაფარის გაღიზიანება სიტყვა აგენტმა გამოიწვია, რის შემდეგაც ის თავს დეპუტატ ნაკაიძეს დაესხა და სიტყვიერად სხვა ოპოზიციონერ კანონმდებლებს დაუპირისპირდა.
სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა მმართველი პარტის სხვა დეპუტატებსა და დარბაზში მყოფ ოპოზიციონერებს შორის.
ვიქტორ ჯაფარიძემ მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ყველა საკადრის პასუხს მიიღებს, ვინც მოღალატეს დაუძახებს".
ოპოზიციონერმა ტარიელ ნაკაიძემ თქვა, რომ დეპუტატებმა "პოლიტიკური არგუმენტების გამოლევის შემდეგ, ძალადობას მიმართეს". მან ტვ პირველთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაპირისპირებისას სოზარ სუბარმა "შპიონი და მოღალატე" უწოდა.